Our notes

18 March, 2020

ჩემს აღქმაში COVID-19-ის კადრს შეაგვიანდა. ყველაფერი იმით დაწყო, რომ 7 მარტს სამშობლოში ერთი თვით ადრე დაგეგმილი ფრენა ზუსტად ერთი თვით გადავდე. გადავწყვიტე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ამეღო და მოგზაურობისგან შემეკავებინა თავი, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ არ დაყენების არგუმენტით. გადავდე ყველა შეხვედრა, მათ შორის, გავაუქმე რეგისტრაცია მაღალი დონის კონფერენციაზე (DRBF's Central & Eastern Europe Conference and Workshops), რომელსაც როგორც ჩემი ქვეყნის, ისე ჩემი ქვეყნის სამშენებლო პროექტებში ჩართული სპეციალისტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ორგანიზატორმა, ამერიკულმა ორგანიზიციამ The Dispute Resolution Board Foundation, მიუხედავად დაგვიანებული გაუქმების მოთხოვნისა, სრულად დამიბრუნა რეგისტრაციის საფასური სწორედ COVID-19-ის გავრცელების მიზეზით. ასე, დავრჩი კუნძულ კვიპროსზე.

9 მარტს ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა.

თითქმის მთელი მსოფლიოში მასიურად მოექცა საკარანტინო სივრცეში, სავალდებულო გახდა თვითიზოლაცია “მოგზაურთათვის“, აიკრძალა ფრენები მაღალი რისკის ქვეყნებთან ან სულად დაიკეტა აეროპორტები.

მსოფლიოში ეკონომიკა შენელდა.

ჩემი აღქმა მიუხედავად მსოფლიო პანიკისა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ვასრულებთ რეკომენდაციებს და ველით დადებით ინფორმაციას, განსაკუთრებით ჩინეთის გამოდარებული სტატისტიკით დაიმედებულნი.

ამ დროს, გარდა იმისა, რომ ვიბანთ ხელებს და ვიმუშავებთ სადეზინფექციო ხსნარით, გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ ვიქცევით თუ მიმდინარე ხელშეკრულებებით აღებულებულ ვალდებულებებს ვეღარ ვასრულებთ სულ ან ნაწილობრივ?!

ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის მიდგომა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინდუსტრიისთვის სახარბიელო მოდელური COVID-19 მუხლი შეიმუშავა ე.წ. “Covid-19 (‘Coronavirus’) Clause“.

მითითებულ მუხლში, მჯერა, არაერთ საინტერესო მომენტს იპოვნით, თუმცა, ჩემი ფავორიტია ჩანაწერი: “Owners and Charterers agree that the outbreak of Coronavirus virus shall not be considered as force majeure or as a frustrating event of the charter party.“ მშობლიურ ენაზე, რომ ვთქვათ მხარეები თანხმდებიან, რომ Covid-19 არ ითვლება "ფორს-მაჟორულ“ გარემოებად. მაშინ როდესაც, სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები "ფორს-მაჟორის“ შესახებ გვთავაზობს გამოსავალს ისეთ ჟამს, როგორიც ახლა გვიდგას.

თუ რამდენად ჩაითვლება COVID-19 “ფორს-მაჟორულ“ გარემოებად თქვენი ხელშეკრულების მიხედვით (იგივე დაუძლეველი ძალა, “force majeure”, “An Act of God”, “superior force”, ქვემოთ მოვიხსენებთ როგორც "ფორს-მაჟორი“), გთავაზობთ, რამდენიმე საბაზისო შეკითხვას ამ ამოცანის ამოსახსნელად:

  1. 1.       გვაქვს თუ არა ხელშეკრულებით “ფორს-მაჟორი“ გათვალისწინებული?

  2. 2.       როგორია ფორს-მაჟორის“ დეფინიცია? რას მოიცავს ის? ეპიდემიას, პენდემიას, კარანტინს? ან რამდენად ფართოა მისი განმარტება? მაგალითად, თუ არის მითითება რომ მოცემული გარემოებების სია არ არის ამომწურავი და მოიცავს ყველა ისეთ გარემოებას, რომელიც მხარეთა კონტროლს მიღმაა.

  3. 3.       არის თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება? და თუ ასეა, რა ვადაში, რა ფორმით უნდა გაკეთდეს შეტყობინება.

გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინების წესის დაცვა მნიშვნელოვანია, თუკი აპირებთ რომ დაეყრდნოთ ფორს-მაჟორს“.

  1. 4.       მოითხოვება თუ არა კომპეტენტური“ ორგანოს დასტური, ცნობა, ა.შ.?

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭომ გამოსცა “ფორს-მაჟორის“ სერტიფიკატი, ოფიციალური ცნობა, რომელიც დაეხმარება ჩინეთში დაფუნებულ კომპანიებს გაამყარონ არგუმენტაცია “ფორს-მაჟორზე“ მითითებით

  1. რა არის “ფორს-მაჟორის“ ღილაკის ჩართვის შედეგი? მაგალითად, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან, შესრულების ვალდებულება ჩერდება, მხარეები უნდა დასხდნენ და გადახედონ სახელშეკრულებო ვალდებულებებს და თავიდან შეთანხმონ, თუ მხარეებს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება?

  2. რა ხდება თუ “ფორს-მაჟორი“ გრძელდება ხანგრძლივი პერიოდით, ერთი ან მეტი თვე?

  3. აქვთ თუ არა მხარე(ებ)ს ზიანის შემცირების ვალდებულება? მაგალითად, იმ მხარეს, რომელზეც არ ახდენს გავლენას COVID-19.

თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, უკვე კარგია. ჩართეთ იურისტი და განავითარეთ თქვენი პოზიცია ერთობლივად, იმისთვის რომ არსებული მძიმე პერიოდი შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ დაძლიოთ.

თუ თქვენი ხელშეკრულებით “ფორს-მაჟორი“ გათვალისწინებული არ არის, მისი კარი თქვენთვის არც ახლაა დახურული. შესასრულებელი ვალდებულების ბედი (დროებით შეჩერდება, სრულად შეწყდება, თუ უნდა მოხდეს შესასრულებელი ვალდებულების ახალ გარემოებებთან მისადაგება) გადაწყდება სამართლით, რომლითაც რეგულირდება ხელშეკრულება.

თუ თქვენი ხელშეკრულება კონტინენტური სამართლის სისტემის წევრი ქვეყნის სამართლით რეგულირდება, მაგალითად, როგორიცაა საქართველო, ან გერმანია, გამოსავალი მოცემულია კანონით გათვალისწინებულ “დაუძლეველი ძალაში“, ასევე, ისეთ დოქტრინებში როგორიცაა:

შეუძლებლობა“ - მოვალეს, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო, არა აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ან

შეცვლილი გარემოებები“ - გარემობები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ.

ხოლო, თუ თქვენმა ხელშეკრულებამ ბედი საერთო სამართლის სისტემის წიაღში შობილ სამართალს უნდა მიანდოს, მაგალითად, ინგლისურ სამართალს, აქაც, შვება არსებობს ისეთ დოქტრინებში, როგორიცაა:

frustration of purpose”  - ხელშეკრულების ძირითადი მიზნის გაქარწყლდება, მაგალითად, ხელშეკრულების საგანი ან ხელშეკრულების შესრულების საშუალებები განადგურებულია ან შეუძლებელია მისი შესრულება ან

impracticability“ - შესრულება არაპრაქტიკულია, შეუძლებელია და ბოლოს,

შეუძლებლობის თეორია, რომელიც უფლებას აძლევს მხარეს შეაჩეროს ან გადაავადოს თავისი შესრულება, თუ გარემობების ცვლილება მოცემული მომენტისთვის შესრულებას შეუძლებელს ხდის.

ყველა ზემოაღნიშნული დოქტრინისა, თუ თეორიის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, ვირუსის აფეთქებას ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულების დადების შემდგომ და ის გავლენას ახდენდეს თქვენს შესასრულებელ ვალდებულებაზე.

გისურვებთ და საკუთარ თავსაც ვუსურვებ COVID-19-ის მალე გადალახვას.

უკვე ჩაკეტილი კუნძულიდან მოკითხვებით,

ადვოკატი ქეთევან ბუაძე.



12 March, 2020

პროლოგი

ზოგადად, ქართველებს გვიყვარს საბუთი, დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ხშირად ეს საბუთი გვინდა და გვჭირია მის უკან მდგომი მოცემულობის გარეშე. ასეა ყველაგან, განათლებაში, მშენებლობაში, მედიცინაში... მოკლედ, ყველგან.

ამბავი №1 - სერტიფიცირება ჩვენი არსებობისა

“გაკეთილშობილებას” გადარჩენილი მშრომელების უფლებები რომ საქართველოში უკეთ დაგვეცვა, 2010 წელს მივიღეთ ახალი ორგანული კანონი შრომის კოდექსი. შემდეგ, ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით გავაუმჯობესეთ დასაქმებულთა უფლებები და მავანთა თქმით მივიღეთ კიდეც “სოციალისტების” შრომის კოდექსი. ქართულ სინამდვილეში კი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე ისევ იხოცებოდნენ მუშები... ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ გადიოდნენ სახლიდან და აღარ ბრუნდებოდნენ... გადავწყვიტეთ სლოგანად გვექცია “შრომის უსაფრთხოება”, მიზნად დაგვესახა და დავისახეთ. რა არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც არ გვირგვინდება საბუთით?! 2019 წლის პირველ ნახევარში ისტერიულად დაიძრა შრომის უსაფრთხოების პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების ტალღა. მეორე ნახევარში ამას მოჰყვა მსმენელთა რიგები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად. რატომ? იმიტომ რომ ბიზნესს სავალდებულო (კანონის) წესით სჭირდება სულ მცირე ერთი სერტიფირებული შრომის სპეცილისტი... და ბოლოს, დაიქოქა სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი.

სინამდვილე?.. უცვლელი?!

ამბავი №2 - დემონტაჟში მყოფი სამშენებლო სამუშაოების შეჩერება

იყო ამბავი ერთი ასე... ერთ სუსხიან დღეს ერთ ჩვეულებრივ სამშენებლო ობიექტზე გაცხარებულ მუშაობას “დაეცა” შრომის ინსპექტორი... შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეცილისტი ადგილზე გახლავთ... ობიქტი წესრიგში აქვს... გულიანად მიჰყვება ინსპექტორს გვერდით... ინსპექტორი ამოწმებს ობიექტს, აქნევს თავს აქეთ-იქით... ჰმმ... “კრიტიკული შეუსაბამობა” - ამბობს ამოოხვრით და წერს ოქმს, აჩერებს ერთ მონაკვეთზე სამშენებლო და მეორე მონაკვეთზე ხარაჩოს დაშლის სამუშაოებს. ხარაჩო ნახევრად დაშლილია... მწუხრზე ძლიერდება ქარი, ნახევრად დაშლილი ხარაჩო ნაწილებად იშლება და ეფინება ობიექტს... კიდევ კარგი, რომ ობიექტს მაღალი ღობე აკრავს...

ამბავი №3 - თავგზააბნეული იურისტები

ჩვენი სამშენებლო კანონმდებლობა ყოველთვის იყო თავსატეხი. არც არავის უცდია მისი ამოხსნა, დალაგება. მათ შორისაა, 2012 წლის ვარდობისთვის პირმშო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, 2018 წლის თიბათვის მიწურულის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და ბოლოს, 2019 წლის სურწყუნისის შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი. ამას ემატება არაერთი დადგენილება და რეგლამენტი. აღნიშვნის ღირსია, რომ ამ მნიშვნელოვანი სფეროს კანონმდებლობას ესაზღვრება ისეთი მნიშვნელობის დოკუმენტი, როგორიცაა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.  შედეგად, გვაქვს ნორმათა არაერთი კონკურენცია, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა (?!), პარალელური თუ არაპარალელური წარმოებები, ოქმები, სანქციები, გასაჩივრების მექანიზმები ზემდგომში თუ სასამართლოში, სამუშაოების შეჩერებით და შეჩერების გარეშე, ა.შ. ალბათ იკითხავთ, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთი-ერთი პირობა ნათელი და განჭვრეტადი კანონი და გასაჩივრების გზა არ არისო?! რას ვიზამთ, ბედი იურისტებისთვის მიგვინდია... იურისტებს კი თავსატეხმა თავგზა ისე აუბნია და დაჰკარგა თავის წიაღში როგორც უღრან ტყეში ალქაჯის სალუკმე ჰენზელი და გრეტელი...

სამშენებლო მოედანზე შრომის ინსპექტორის ოქმი, მითითებით და სამუშოების შეჩერებით საბოოლოოდ ხომ იურისტების ბედია... ჰოდა, ჩვენც იმათში... სწორედ ამიტომ, ქვემოთ გაგიზიარებთ მცირე გზამკვლევს, თუ საით წახვიდეთ როცა სამშენებლო და შრომის უსაფრთხოების ლაბირინთის წინ აღმოჩნდებით.

ამბავი №4 - ანუ ეპილოგი “უდიპლომო ხარაჩო”

მავანნი გვაუწყებენ ახალ “ტრენდს”... მალე გვეყოლება “აკრედიტებული” ორგანიზაციები, რომლებიც მიანიჭებენ ხარაჩოს “სერტიფიკატს” Х სტანდარტით... ხარაჩოს პატრონები ჩადგებიან “ხარაჩოს სერტიფიკაცის” რიგში... მერე ავალთ ამ ხარაჩოზე და დაველოდებით როგორ შეიცვლება ქართული სინამდვილე…



21 April, 2020

‘სასოწარკვეთილს სასოწარკვეთილი გადაწყვეტილებების მიღება მოეთხოვება’ [1]. ინტერნეტ სივრცეში ‘ტროლებისა’ თუ ‘ბოტების’ თარეშის ფონზე, სანდო წყარო პირობითი ცნება გახდა. თუმცა, როგორც იქ ამბობენ, ამ ფრაზის წარმოშობა ჰიპოკრატეს მიეწერება, ვინც ჯერ კიდევ ძვ.წ. 400 წელს წერდა, რომ უკიდურესად მძიმე დაავადებების სამართავად [2] მკურნალობის უკიდურესი მეთოდებია მიზანშეწონილი, მათ შორის, საკვების სრული აკრძალვაც კი.

ახალი კორონავირუსის ‘დამსახურებით’, ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვის ფონზე, ჰიპოკრატეს ეს რჩევა-დარიგება შეიძლება ირონიულადაც კი ჟღერდეს. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკიდურესი მეთოდები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, საჭირო არ აღმოჩნდება, ახალ კორონავირუსს გადავურჩებით, ლუკმა-პურის გარეშე არ დავრჩებით და, შემოდგომაც რომ მოვა, წიწილების არ იყოს, ახალ სამუშაო ადგილებიც ათასობით გვექნება დასათვლელი.

ამასობაში, სანამ შემოდგომა მოვიდოდეს, დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობებში ჯერ კიდევ შემორჩენილი სამუშაო ადგილებია გადასარჩენი. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში უხვად შეხვდებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა არის უკიდურესი ნაბიჯი, რომელიც გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ სხვაგვარად შეუძლებელია დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაცხოვრების გაგრძელება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ მხრივ, საჯარო სექტორში, სიმშვიდეა. ამ ეტაპზე, სახელმწიფო, მხოლოდ, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებული ღონისძიებების განსაზღვრით შემოიფარგლა, მათ შორის, შეიმუშავა დისტანციურ რეჟიმში მუშაობის წესები, და იგივე რეკომენდაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც მისცა.

სამწუხაროდ, კერძო სექტორს ასეთი ‘ფუფუნების’ შესაძლებლობა არ აღმოაჩნდა და, როდესაც შრომითი ურთიერთობების საგანგებო ვითარების ‘საკადრის’ მოწესრიგებაზე დაიწყო ფიქრი, აღმოაჩინა, რომ შრომის კოდექსი დუმს დასმულ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ რამდენიმე სტანდარტული გადაწყვეტით შემოიფარგლება, როგორიც შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების პირობების გადახედვა, შვებულების უფლებით სარგებლობა ან, უკიდურეს შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.

ასეთი სტანდარტული გადაწყვეტილებების სამართლებრივი შეფასება, ამ დღეებში, ბევრი მოვისმინეთ და წავიკითხეთ. ამდენად, ჩვენც რომ კაზუისტიკით არ შევიწყინოთ თავი, გრძლად მოსაყოლი მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: ხელფასის შემცირება თუ გადახდის გადავადება, ისევე, როგორც შვებულების მოთხოვნა თუ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მხოლოდ, მხარეთა თანხვედრ ნებაზეა დამოკიდებული და, თუ ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა უპერსპექტივოა, დამსაქმებლის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რა შემთხვევაშიც, დასაქმებულისათვის კომპენსაციის გადახდისა და ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურების საკითხი დგება დღის წესრიგში.

თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება, რომ შექმნილი ვითარებით ნაკარნახევი ობიექტური საჭიროებით უნდა იყოს განპირობებული [მაგალითად, ეკონომიკური საქმიანობის შემდგომი გაგრძელების არარენტაბელურობა ან/და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შეუძლებლობა], ცხადზე უცხადესია. სხვა სიტყვებით, თუ კომპანიის საქმიანობაზე ახალი რეალობა რაიმე უარყოფით გავლენას არ ახდენს, მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, კადრების განთავისუფლება დაუშვებელია და ასეთი გადაწყვეტილება განწირულია კრახისთვის, თუ ის სასამართლოს შესაფასებელი აღმოჩნდება.

რთულად წარმოსადგენია, ვინმეს კადრების იძულებითი შემცირება უხაროდეს. იმ მოლოდინში, რომ ახალი კორონავირუსი უკან დაიხევს და სამუშაო პროცესი სულ მალე ჩვეულ რიტმში განახლდება, განთავისუფლებული თანამშრომლებისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების კომპანიაზე ტვირთად ჩამოკიდება, მით უფრო, დრამატულად შემცირებული ან სულაც შეწყვეტილი ფულადი ნაკადების ფონზე, საუკეთესო გამოსავალი ვერ იქნება. მეტიც, არ არის გამორიცხული, კომპანიამ ვერ შეძლოს ასეთი ტვირთის აწევა და საერთოდ შეწყვიტოს საქმიანობა, რაც შეუძლებელია, ვინმეს თვითმიზანი იყოს.

ასეთ სასოწარკვეთილ შემთხვევაში, როდესაც შრომის ანაზღაურების გადახედვისა თუ შვებულების გამოყენების პირობებზე მხარეთა შეთანხმება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება და არც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა საუკეთესო გამოსავალი, მაინც რჩება ფანჯარა სასოწარკვეთილი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსი გვეუბნება, რომ ‘დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით’. იმ პირობებში, როდესაც სამუშაოს შესრულების საჭიროება დროებით აღარ არსებობს და ეს გარემოება დამსაქმებლის ბრალით არ არის გამოწვეული, დამსაქმებელს არ შეიძლება მოეთხოვოს ასეთი იძულებითი მოცდენის დაფინანსება, შრომის ანაზღაურების გადახდის დავალდებულებით. სხვა სიტყვებით, ვამბობთ, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება და მის საპასუხოდ ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, ეკონომიკური საქმიანობის თანმდევი შეზღუდვებითა თუ სოციალური დისტანცირების მოთხოვნებით, არის ისეთი დროებითი, ობიექტური გარემოება, რომლითაც განპირობებული იძულებითი მოცდენა შეუძლებელია ‘დაბრალდეს’ დამსაქმებელს და მოეთხოვოს მისი ანაზღაურება. ცხადია, ურთიერთობის ეს ფორმატი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. საუბარია ისეთ გონივრულ ვადაზე, რომელ ვადაშიც, მხარეებს შეიძლება, რომ სამუშაოს შესრულების კვლავ საჭიროების მოლოდინი ჰქონდეთ. ასეთი გონივრული ვადის შემდეგ, მიზანშეწონილია, შრომითი ურთიერთობა შეწყდეს.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სასოწარკვეთილი გადაწყვეტილების იარლიყით შემკობილი ეს უკანასკნელი ნაბიჯი, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, ჯერ განხილული და შეფასებული არ ყოფილა და, დღევანდელი გადმოსახედიდან, რთულია განჭვრეტა, მოიწონებს თუ არა მას თემიდა. შექმნილ ვითარებაში, ყველამ ჩვენი რისკი უნდა გავწიოთ.

ხვავიანი შემოდგომის მოლოდინში, ვინც ბოლოს დატოვებს ოფისს, შუქიც იმან ჩააქროს!


[1] desperate times call for desperate measures;

[2] ბოლოს დროს, აქტუალური სიტყვაა ჩვენს ლექსიკონში, დაავადებებთან მიმართებაში;

21 April, 2020

პროლოგი

ბიზნესი “ჟამიანობის“ დროს, ისევე როგორც “El amor en los tiempos del cólera[1] ისეთივე ილუზორულია, როგორიც ფერმინას და ფლორენტინოს ურთიერთობა. ჩვენ კი იურისტების პრაგმატული რასა, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ რომ ჟამიანობის ქაოსში გამოვძერწოთ, ურბინო -  რაციონალური ადამიანი...

ახალი კორონა ვირუსის ჟამს, საგანგებო მდგომარეობის პირმშო, 2020 წლის 23 მარტის -საქართველოს მთავრობის №181 დადგენილების მეშვიდე მუხლით შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. კერძოდ, თავდაპირველად “შეჩერდა“ საგანგებო მდგომარეობის ვადით ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა კონკრეტული ჩამონათვალისა. შესაბამისად, წარმოება, სამუშოების შესრულება, მომსახურების გაწევა „შეჩერების“ მიღმა იქნა დატოვებული. 2020 წლის 30 მარტი, ვკითხულობ ტექსტს: “მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა, 1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა .....“ სანამ “გარდა“ წავიკითხე თვალწინ ჩამიქროლა საქართველოს ეკონომიკამ, ბიზნეს გარემომ, გაზრდილმა მშპ-მ, ბიზნესსამართლის მიღწევებმა... გამომაფხიზლა ჩანაწერმა, რომ საადვოკატო საქმიანობა დაშვებულია, რაც იმას ნიშნავს რომ უფლებადამცველებს სიტყვა გვეთქმის. პირველი "გარდა“-ს წაკითხვაზე ახლაც იგივე ემოცია მაქვს, იმის მიუხედავად, რომ დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის განვითარების ისტორია უკვე ვიცი და შემიძლია ამით თავი დავიმშვიდო.

მოკლედ, პირველი “გარდა“ იყო ძალიან ვიწრო, მცირე ჩამონათვალი, მერე გაიზარდა მეშვიდე მუხლის ჩამონათვალი, №181 დადგენილებას, დრო და დრო, დაემატა დანართები, სულ ოთხი. ამ დანართებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის თუ სუბიქტების ჩამონათვალიც, დრო და დრო, გაიზარდა, რაც, თავისდავად, კარგია.

იყო ისეთი მცირე “შოკებიც“ როგორიც, მაგალითად, დაშვებული საქმიანობების საგონებელში ჩაგდება თუ რამდენად ეხებათ ეკონომიკის სამინისტროს საიტზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსების ვალდებულება?! ამ დროს, დადგენილების მეშვიდე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს ეკონომიკური საქმიანობების ან/და სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. იმავე დადგენილების მესამე პუნქტის მიხედვით ასეთ ჩამონათვალს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენენ საქართველოს სამინისტროები ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით. რაც ნიშავს იმას, რომ თუ სურვილი გვაქვს და ვასაბუთებთ თუ რატომ უნდა მოვხვდეთ დადგენილების პირველ ან მეორე დანართით გათვალისწინებულ დაშვებული საქმიანობის/სუბიექტების სიაში უნდა შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.  

თავი პირველი - ონლაინ ვაჭრობა“

მცირე კაზუსი:

  • თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს დაშვებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად); სადაც, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა) და
  • ამავდროულად დაშვებულია საფოსტო და საკურიერო მომსახურება
  • ხოლო მე მაქვს ვებ-გვერდი, სადაც ვყიდი ყველაფერს, გარდა საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის თუ ფარმაცევტული პროდუქტის; ვებ-გვერდზე ჩემი მომხმარებელი ყიდულობს სასურველ პროდუქტს, ჩემთან მოდის კურიერი და ვატან შეძენილ პროდუქტს, რომელიც კურიერს მიაქვს მომხმარებელთან.

შეკითხვა: არის თუ არა ონლაინ-ვაჭრობა აკრძალული?

პასუხი: კანონის მიხედვით არა, სატელევიზიო განცხადებების მიხედვით “კი“!

შედეგად რჩება რისკი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის, ფიზიკური პირისთვის 3,000 ლარი და იურიდიული პირისთვის 15,000 ლარის ოდენობით. სწორედ ამიტომ ვარიგებთ რეკომენდაციებს “ონლაინ-ვაჭრობით“ დაკავებულებმა შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.  აქაც,  რისკი იმისა, რომ შევსებულ ფორმას არ მოჰყვეს შედეგი, სრულიად რეალურია. შესაბამისად, გამოდის რომ თავად გაჰყოფთ იმ ყულფში თავს, რასაც ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება ჰქვია.

მაშინ როდესაც, ჩვენ, სახლში დარჩენილებს, რომელთაც მძიმე სამუშაო დღის მერე, ხანდახან, განტვირთვისთვის რამეს შეძენა მოგვინდება ტვინის გასანიავებლად, თუ თვალის საამებლად, ან სულაც მათ ვისაც გამოუთავისუფლდათ დრო და აქვთ სურვილი და თანმდევი ფული ონლაინ-ვაჭრობაში დახარჯონ, რაც ეკონომიკაში ჩაბრუნებული ფული და ბიუჯეტში გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადია, რატომღაც კარს ცხვირის წინ “გვიჯახუნებენ“.

ამ დროს Amazon-ს ისე გაეზარდა მოხმარებელის მოთხოვნა, რომ 16 მარტს დაანონსებული 100,000 თანამშრომის დამატების პირობა ერთი თვის თავზე შეასრულეს და ახლა დააანონსეს დამატებთ 75,000 თანამშრომლის დაქირავება (https://blog.aboutamazon.com/company-news/amazon-hiring-for-additional-75-000-jobs)

რომ შევაჯამო, აზრი ის არის რომ ონალინ ვაჭრობა კორონას ჟამს არათუ ცუდი, არამედ ნაკლებ სარისკო და თან ეკონომიკისთვის ის მცირე სტმულია, რომელიც როგორც ბაზარს, ისე მომხმარებელს სჭირდება. 

თავი მეორე - დამსაქმებელი დასაქმებულის ურთიერთობა

თითის დაქნევით და მომავალში “მოკითხვით“  სამართლებრივ სახელმწიფოში თავს არ უნდა ვინებივრებდეთ.

დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა რომ ერთგვარი “რომანტიკაა“ ეს ცხადზე ცხადია. აბა, დავფიქრდეთ თითოეულს გვაქვს ჩვენი უნიკალური ემოცია, მოსაყოლი და გასახსენებელი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ადამიანების ურთიერთგაგებას ეფუძნება “ადამიანი ადამიანის მზეა“.[2]

ამ სულისკვეთების განვითარების საუკეთესო მაგალითია ჩემი მეგობრის ბიზნესისა და სამართალის ბლოგის საგანგებო გამოშვება: ახალი კორონავირუსი და შრომითი ურთიერთობები. აქ, თქვენ ნახავთ ადამიანობის და სამართლის პრინციპების დაცვით კორონას ჟამიანობისას შრომის ურთერთობის შენარჩუნების რამდენიმე მზა გადაწყვეტას და შეხსენებას, რომ შრომითი ხეკშეკრულების შეწყვეტა, რაც არ უნდა სასწარკვეთილები იყოთ, მხოლოდ უკიდურესი შემთვევისათვისაა გამოსავალი! 

თავი მესამე - მეიჯარე მოიჯარის ურთიერთობა

ამ თავში ვიხილავთ თუ როგოგ განვითარდება სამი სხვადასხვა სცენარი.

  • პირველი, სავაჭრო ცენტრები, რომელიც კანონმა “დახურა“,
  • მეორე, ბიზნეს ცენტრები, სადაც მოწყობილია დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების და სუბიექტების ოფისები. ამასთან, ეს ოფისები სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებელი რჩება, ვინაიდან დამსაქმებელი ითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს და მისთვის ტექნიკურადაც შესაძლებელია დისტანციური ოპერირება,
  • და ბოლოს, ე.წ. “Serviced offices”, საოფისე ფართები საერთო თუ ინდივიდუალური სივრცით, აღჭურვილი ყველა საჭირო საოფისე მოსახურებით, რომელთა კლიენტებს წარმოადგენენ როგორც დაშვებული, ისე აკრძალული საქმიანობები.

პირველ შემთხვევაში, მეიჯარე-მოიჯარის ურთიერთობა შედარებით მარტივად დალაგდა, მხარეები შეთანხმდნენ საიჯარო ხელშეკრულების შეჩერებაზე საგანგემო მდგომარეობის ვადით.

მეორე შემთხვევაში, მეიჯარე-მოიჯარის ურთიერთობა რთულდება, ვინაიდან მეიჯარე თვლის რომ მოიჯარისთვის არაფერი შეცვლილა. ხოლო მოიჯარეს მიაჩნია რომ არ იყენებს ფართს, მაღალი ალბათობით, შემოსავლებიც შეუმცირა და ამიტომ “შეღავათს“ იმსახურებს. აქაც, გადამწყვეტი ისევ მხარეთა მოლაპარაკებაა. თუმცა, თუკი შეთანხმებას ვერ ახერხებთ მაშინ შვება ისევ თქვენს ხელშეკრულებასა და მოქმედ სამართალში უნდა ეძებოთ. აქ, გზამკვლევად გამოგადგებათ ბიზნესისა და სამართალის ბლოგის მეორე სერია: COVID-19 და ხელშეკრულება.

და ბოლოს, ე.წ. “Serviced offices”, აქ საინტერესოა როგორც ფართის მესაკუთრის და ფართის ოპერატორის, ისე ფართის ოპერატორის და კლიეტის ურთიერთობა. ეს უკანასკნელი საბოლოო ჯამში, მაინც პირველი და მეორე სცენარის გამეორებაა, რაც შეეხება პირველს, აქ გადაწყვეტა კვლავ ხელშეკრულებასა ან/და მოქმედ სამართალშია, მითითება ბიზნესისა და სამართალის ბლოგის მეორე სერიაზე ძალაში რჩება, COVID-19 და ხელშეკრულება. 

ეპილოგი

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა პანდემიის გამო ხელისუფლების მიერ დადგენილი შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხზე და 10 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება რომ კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო აღმსარებლობის უფლება სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასთან შედარებით უკან იწევს. [3]

“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...“მეც ლადოსავით “უფრო ლამაზის“ სურვილით და კვლავ ჩაკეტილი კუნძულიდან მოკითხვებით,

 

ადვოკატი ქეთევან ბუაძე.


[1] “სიყვარული ჟამიანობის დროს” გაბრიელ გარსია მარკესი;

[2] გურამ დოჩანაშვილი, სამოსელი პირველი;

[3] „Gegenüber diesen Gefahren für Leib und Leben, vor denen zu schützen der Staat nach dem Grundrecht auf Leben und körperliche Unversehrtheit gemäß Art. 2 Abs. 2 GG auch verpflichtet ist (vgl. BVerfGE 77, 170 <214>; 85, 191 <212>; 115, 25 <44 f.>), muss das grundrechtlich geschützte Recht auf die gemeinsame Feier von Gottesdiensten derzeit zurücktreten.”